 ზოგი შიშობს, რომ ბილ გეიტსის შემდეგ Microsoft-ს გაუჭირდება იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც იგი ამას დამაარსებლის ხელში აკეთებდა. ამას ემატება ისიც, რომ სტივ ბალმერი აპირებს 10 წელიწადში გეიტსის კვალს გაჰყვეს. რეი ოზი გეიტსისა და ბალმერის ტოლია, 10 წელიწადში ისიც 60 წლის იქნება და ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაუდგება სათავეში 10 წლის შემდეგ მაიკროსოფტს. ბილ გეიტსი გეგმავს თავისი წვლილი შეინატოს გემის მართვაში - იგი კვლავ განაგრძობს დირექტორთა საბჭოს სხდომებზე დასწრებას (თავმჯდომარის რანგში) და იქნება სტივ ბალმერის მრჩეველი იქამდე, სანამ ის გადადგება. ბილ გეიტსი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახსა და ქველმოქმედებას დაუთმობს. ბილსა და მის ცოლს უკვე დაარსებული აქვთ "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი", რომელიც მსოფლიოში უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. 14 წლის განმავლობაში ფონდმა 37.3 მილიარდი დოლარი გაიღო სხვადასხვა საქმიანობისთვის. ამას ემატება 16.5 მილიარდი გრანტების დასაფინანსებლად. ბილი და მელინდა გეგმავენ მთელი თავიანთი ქონება სიკვდილიდან 50 წლის განმავლობაში მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობისთვის დახარჯონ. გეიტსს იმედი აქვს, რომ თავისი ფინანსური შემწეობით მოახერხებს შიდსისა და მალარიის ძირფესვიანად ამოთხრას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბილ გეიტსი კაცობრიობის უდიდესი და უსაშინლესი დაავადებების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას (უფრო სწორად, ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია, რადგან გეიტსების ფონდი აქამდეც აფინანსებდა ამ დაავადებების წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებს). იმედია, ბილი აქაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ტექნო ინდუსტრიაში. და მაინც, რა არის ბილ გეიტსის უდიდესი დამსახურება? ის, რომ მისი ძალისხმევით კომპიუტერი პერსონალური გახდა (PC). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერი დღეს უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი (ცხადია, არ ვგულისხმობ Hi-End კლასის კომპიუტერებს). რომ არა ბილი, ინდუსტრია ალბათ დაახლოებით 10 წლით იქნებოდა ჩამორჩენილი. ბილ გეიტსმა რამდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვაც წარმოთქვა, სადაც იგი თვალცრემლიანი იყო და ეს გასაგებიცაა. ბილ გეიტსი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც პროგრამირების გურუ, გენიოსი, წარმატებული და ულმობელი ბიზნესმენი, საოცრად კონკურენტუნარიანი, ქარიზმატული, უდიდესი სტრატეგი, მოვლენების სისტემური ხედვისა და გლობალური აზროვნების მქონე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გაქვს მაიკროსოფტისა და ბილ გეიტსისადმი, შეუძლებელია, წაიკითხო მათი მოკლე ისტორია და რაღაც არ იგრძნო... არ იგრძნო, რომ შენს გარშემო ის ძალა ტრიალებს, რომელიც ამ კაცმა შექმნა... გეიტსი შესაძლოა მუდამ თან სდევდეს მაიკროსოფტს აჩრდილივით, მაგრამ როდესაც იგი მწუხრში გაუჩინარდება, ტექნოინდუსტრია წუთიერად შეჩერდება, რათა გააცნობიეროს იმ ადამიანის წასვლა, რომელმაც იგი შექმნა... P.S. მიუხედავად დიდი მცდელობისა, შეუძლებელია ბილ გეიტსის დამსახურების სრულფასოვნად აღწერა. ეს ვერ შევძელი მეც. ყველას შეგიძლიათ "გახდეთ ბილ გეიტსი", უბრალოდ, ამისათვის საჭიროა გახასიათებდეთ ან გამოიმუშავოთ ის თვისებები, რაც ბილ გეიტსს ჰქონდა და უნდა იცოდეთ, როდის რა მოიტანს უდიდეს წარმატებას ბიზნეს საქმიანობაში. და კიდევ, მესმის, რომ ზოგიერთს შესაძლოა ჩემი ნაწერი ძალიან სუბიექტური მოეჩვენოს. ალბათ ეს ასეცაა, როცა წერ ისეთ ადამიანზე, რომელსაც უდიდეს პატივს სცემ (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად იგი არასდროს გინახავს და ურთიერთობა არ გქონია მასთან), შეუძლებელია არ იყო ზოგჯერ სუბიექტურით.
ავტორი: MUNEZ
|
კომენტარები:(1)
ნანახია:(836)
|
|